გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

generalizebuli shpotviti ashliloba გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ზოგ ადამიანს თანდაყოლილი ტენდენცია აქვს, რომ ადრეულ ასაკშივე გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები არაკონტროლირებადი და პოტენციურად საშიში შეიძლება იყოს (გენერალიზებული ფსიქოლოგიური მოწყვლადობა). მნიშვნელოვანი სტრესი მათ ფხიზლად და ფრთხილად ყოფნას აიძულებს, რაც ინტენსიური ნერვიულობის საფუძველი ხდება

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონდე ადამიანისთვის დამახასიათებელია მუდმივი და გადაჭარბებული შფოთვა და ნერვიულობა ფაქტობრივად ყველა საკითხთან მიმართებაში, ნერვიულობენ ყოველდღიური, რუტინული საქმეების გამო, როგორებიცაა შესაძლო პასუხისმგებლობები სამსახურში, ჯანმრთელობა და ფინანსები, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, შვილების წარუმატებლობები ან უმნიშვნელო მიმდინარე საკითხები (მაგალითად, სახლის სათანადოდ დალაგება ვერ მოასწრო ან შეხვედრაზე დაიგვინა) .

აშლილობის დაწყების საშუალო ასაკი 30 წელია. მოჭარბებული ნერვიულობა და შფოთვა ადრეულ ასაკში შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ მშფოთვარე ტემპერამენტად აღიქმება ხოლმე.

ინდივიდს უჭირს ნერვიულობის გაკონტროლება და მშფოთვარე ფიქრები ყურადღებას უფანტავს. მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების გათვალისწინება, რაც გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას განასხვავებს ჩვეულებრივი შფოთვისგან :

  • გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან ასოცირებული ნერვიულობა მოჭარბებულია და, როგორც წესი, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებას, ხოლო ყოველდღიური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნერვიულობა არ არის გადაჭარბებული, მეტად მართვადად აღიქმება და შესაძლებელია მისი დავიწყება, როცა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი დგება დღის წესრიგში.

  • ამ აშლილობასთან ასოცირებული ნერვიულობა უფრო მდგრადი, სიღრმისეული და დისტრესის გამომწვევია; უფრო ხანგრძლივია და ხშირად უმიზეზოდ იჩენს თავს. რაც უფრო ფართოა იმ ცხოვრებისეული ვითარებების დიაპაზონი, რომელზეც პიროვნება ნერვიულობს (მაგალითად, ფინანსები, ბავშვების უსაფრთხოება, სამსახურში მიღწევები), მით მეტია ალბათობა, რომ მისი სიმპტომები გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

  • გაცილებით ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ყოველდღიურ ნერვიულობას ფიზიკური სიმპტომები (მაგალითად, მოუსვენრობა ან ზღვარზე ყოფნის განცდა) ახლდეს თან. ამ აშლილობის მქონე ინდივიდები აღნიშნავენ სუბიექტური დისტრესის არსებობას, რაც მუდმივი ნერვიულობის შედეგია. ასევე, უჩივიან თანმხლებ გაუარესებას სოციალურ, სამსახურეობრივ და ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

  1. მოჭარბებული შფოთვა ან ნერვიულობა (მშფოთვარე მოლოდინი) უფრო მეტ დღეს არის სახეზე, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, მთელი რიგი მოვლენების ან აქტივობების (სამსახურში ან სკოლაში შესრულებული დავალების) გამო.
  2. ინდივიდს უჭირს ამ ნერვიულობის კონტროლი
  3. შფოთვა და ნერვიულობა ქვემოთ მოცემული ექვსიდან სამ (ან მეტ) სიმპტომთან ასოცირდება (სულ მცირე, ზოგიერთი სიმპტომი დღეების უფრო მეტ რაოდენობაში უნდა აღინიშნებოდეს ბოლო 6 თვის მანძილზე).
  4. შფოთვა, ნერვიულობა ან ფიზიკური სიმპტომები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან გაუარესებას იწვევენ სოციალურ, სამსახურეობრივ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროში.
  5. სიმპტომები არ არის ნივთიერებების (მაგალითად, ნარკოტიკების, მედიკამენტის) ან ზოგადი სამედიცინო მდგომარეობის (მაგალითად, ჰიპოთიროიდიზმის) პირდაპირი მოქმედების შედეგი.
  6. მდგომარეობა უკეთ ვერ აიხსნება სხვა ფსიქიკური აშლილობით (მაგალითად, შფოთვით ან ნერვიულობით იმის გამო, რომ პანიკური შეტევა ექნება პანიკური აშლილობის ფარგლებში და სხვა.)

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning.

​APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts