ემოციური ჭარბწონიანობა

emociuri wona ემოციური წონა

არსებობს გარკვეული ტიპის საკვებები, რომლის ჭარბმა მიღებამაც შეიძლება არასასურველი შედეგები მოგვიტანოს. ჩვენი კვებითი პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვიცით, თუ რომელი საკვები მოქმედებს დადებითად ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზე და რომელი გვაყენებს ზიანს.

ისევე როგორც, გარკვეული საკვების მიღებამ შეიძლება გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზე, ასევე, გარკვეული ფიქრები გრძელვადიან გავლენას ახდენენ ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე. ეს გონებრივი ჩვევები, რომ საკვები ყოფილიყო, ჩვენ ვიტყოდით, რომ ისინი გვიბიძგებენ „ემოციური წონის" მატებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საზომი არ არსებობს, „ემოციურ წონაზე" უნდა ვიფიქროთ, როგორც ნეგატიური ზემოქმედების მდგომარებაზე, რომელიც შედგება შფოთვის, სტრესისა და იმედგაცრუებისგან. ისევე, როგორც სხეულის წონას შეუძლია შეგვიქმნას შეზღუდვები ფიზიკური აქტივობის სახეობასა და ინტენსივობაზე, „ემოციური წონის" სიჭარბე ხელს გვიშლის განვიცადოთ სიხარული და მადლიერება, ვიყოთ ღია ახალი გამოცდილებებისათვის და ამასთან ერთად, ხელს უშლის ჩვენს მოტივაციას.

გთავაზობთ, რამდენიმე გავრცელებულ პრაქტიკას, რომელიც იწვევს „ემოციური წონის" ჭარბ მატებას და უარყოფითად აისახება ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე.

1. არარეალისტური მოლოდინები.

მოლოდინი არის რწმენა იმის შესახებ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სამყარო. ასე მაგალითად, როგორ უნდა ვგრძნობდეთ თავს, რა მიღწევები უნდა გვქონდეს ან როგორ უნდა გვექცეოდნენ სხვა ადამიანები. როდესაც ჩვენი მოლოდინები არ ემთხვევა რეალობას, ისინი შეიძლება გახდნენ იმედგაცრუების მნიშვნელოვანი წყარო. არარეალისტურად მაღალი მოლოდინების დაწესებისას, ასევე მაღალია მათი შეუსრულებლობის შანსი, რასაც მივყავართ უფრო მეტ იმედგაცრუებასთან. როგორც წესი, ჩვენ ვიქმნით არარეალისტურ წარმოდგენებს, ცხოვრების გარკვეულ სფეროებში მაღალი ხარისხის სტანდარტების დადგენით. ამის მაგალითებად, შეიძლება წარმოვიდგინოთ 4.0 GPA- ს შენარჩუნება ან მოლოდინი, რომ ყველა იმ კომპანიიდან უნდა დაგვიკავშირდნენ, სადაც აპლიკაცია გადავგზავნეთ.

მსგავსი არარეალისტური მოლოდინები, უფრო დიდი მიზნების მიღმაც ვრცელდება. იმის რწმენა, რომ თქვენ ადრიანად უნდა გაიღვიძოთ ყოველ დილით, რადგან ეს არის ის, რასაც წარმატებული ადამიანები აკეთებენ ან რომ თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი იმით, რაც თქვენ გაქვთ, რადგან ეს არის ის, რასაც მადლიერი ადამიანები გრძნობენ- ეს ის მოლოდინებია, რომლებსაც თვითნებურად ვუწესებთ საკუთარ თავებს და რომელიც შეიძლება ჩვენს ემოციურ ხაფანგად იქცეს, როდესაც ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს. მსგავსმა წვრილმანმა წარუმატებლობამ კი შეიძლება ტოქსიკური გავლენა მოახდინოს ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე.

"უნდა" მოთხოვნების წაყენება საკუთარი თავის მიმართ წარმოადგენს შემეცნებითი დამახინჯების ერთ-ერთ სახეს, რომელიც ხშირად მოიხსენება როგორც - არალოგიკური აზროვნების ნიმუში. იგი ხელს უწყობს ისეთი ემოციური მდგომარეობების წარმოქმნასა და შენარჩუნებას როგორიცაა შფოთვა და დეპრესია.

 2. არასამართლიანი შედარებების გაკეთება

სოციალური შედარება გავრცელებული პრაქტიკაა და სასარგებლო საშუალებას წარმოადგენს, რომ უწყვეტობაში წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ფსიქო-სოციალურ ფუნქციონირებაში. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ შედარებას აქვს თავისი უპირატესობები, როდესაც, ჩვენი შედარებები არასამართლიანია, მათ შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ ჩვენს კეთილდღეობაზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ არასამართლიანმა შედარებებმა შეიძლება გაზარდოს შფოთვა და დეპრესია, გააუარესოს მოტივაცია და შეამციროს თვითშეფასება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გასაოცარი ხართ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც უფრო ჭკვიანები, მდიდრები და მშვენიერები არიან.

აღმავალ შედარებას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტი. ერთ შემთხვევაში, ამან შეიძლება გაზარდოს თქვენი შთაგონება და მოტივაცია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი გამოიწვიოს არაკომპეტენტურობისა და დაუკმაყოფილებლობის განცდა.

ანალოგიურად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თქვენზე ნაკლებად ჭკვიანები, ნაკლებად მდიდრები და ნაკლებად მიმზიდველები არიან. მათთან საკუთარი თავის შედარება, რომელსაც დაღმავალ შედარებას ვუწოდებთ- ხელს უწყობს თქვენი თვითშეფასების ამაღლებას.

ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ შედარებებს ფართოდ უწყობს ხელს სოციალური ქსელები. ამ ქსელებში მოცემულია სოციალური შედარების ადვილად ხელმისაწვდომი პლატფორმა, სწრაფი გზა, რომ ნახოთ, თუ რას საქმიანობენ სხვა ადამიანები: რამდენი მეგობარი ჰყავთ, რამდენ ხნიანი შვებულება აქვთ ან სად ატარებენ მას, რამდენს უყვარს თავიანთი სამუშაო, ან რამდენად საყვარლები არიან მათი შინაური ცხოველები. ონლაინ სოციალური ქსელების ხშირი მომხმარებლები აფიქსირებენ იმედგაცრუების და საკუთარი ცხოვრების უკმაყოფილების მუდმივ განცდას, რადგან სხვა ადამიანების ცხოვრება ბევრად უკეთესია.

მთავარი კითხვა რაც უნდა დაისვას: რა მიზანს ემსახურება ამ ტიპის შედარება და როგორ უწყობს ხელს ეს ადამიანის ზრდას ? რა შეიძლება ისწავლოს ადამიანმა სხვებთან საკუთარი თავის შედარებით და როგორ აისახება ეს იმაზე რასაც რეალურად აკეთებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი, რომ გავაკეთოთ აღმავალი ან დაღმავალი შედარება, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შედარებები, ზოგადად, არ არის სამართლიანი, რადგან:

(ა) ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას, თუ რას მიაღწია ადამიანმა, მაგრამ არ ვიცით, თუ როგორ მიაღწია ამას.

(ბ) სანამ ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა სხვის მდგომარეობასთან, ჩვენ არ ვაკეთებთ იმის შედარებას თუ რამ გამოიწვია მოცემულ მდგომარეობდე მისვლა, მაგალითად უნივერსიტეტის თქვენმა საუკეთესო მეგობარმა შეიძინა სახლი, მაშინ როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ქირით ცხოვრობთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი იმედგაცრუება საკუთარი მიღწევების მიმართ. თუმცა, ამასთან ერთად:

1) თქვენს მეგობარს შეიძლება უწევდეს ორ სამსახურში მუშაობა იპოთეკის გადასახდელად

2) შეიძლება ცხოვრობდეს სადმე, სადაც სახლის შეძენის ღირებულება გაცილებით დაბალია.

შესაბამისად, საკუთარი კეთილდღეობისთვის, უმჯობესია გააკეთოთ ისეთი სოციალური შედარებები, რომლებიც მიზანმიმართული და სამართლიანია. 

3. ზედმეტი დატვირთვა

ზოგიერთ ჩვენგანს აქვს ტენდენცია, საკუთარ თავზე აიღოს იმაზე მეტი ვიდრე ეს რეალურად შეუძლია. ჩვენ ვთანხმდებით მივიღოთ მონაწილეობა ახალ და საინტერესო პროექტებში, ვიღებთ უფრო მეტ პასუხისმგებლობას სამსახურში და ვავსებთ ჩვენს გრაფიკს იმაზე მეტი აქტივობით, ვიდრე ამის გაკეთების დრო გვაქვს.

ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, კოგნიტური გადატვირთვა და გონებრივი დაღლილობა. იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება, რისი შესრულებაც რეალურად შეგვიძლია, ამცირებს ჩვენ მიერ შესასრულებელი საქმეების შესრულების ხარისხს.

და მაინც, რატომ ვაგრძელებთ ამას?

არსებობს აზროვნების ორი ფორმა, რომლებიც ხელს უწყობს მოცემული ჩვევის შენარჩუნებას. პირველი არის რწმენა, რომ დატვირთული გრაფიკი კარგია. დატვირთული ადამიანი მიიჩნევა უფრო წარმატებულად, კომპეტენტურად და დაფასებულად. ამის გამო, დაკავებულობა სოციალურად უფრო სასურველია, ვიდრე ძალიან ბევრი თავისუფალი დრო და არაფრის კეთება. თუ ზედმეტად დაკავებულები ვიქნებით ჩვენ შეგვიძლია შთაბეჭდილება მოვახდინოთ საკუთარ თავზე და სხვებზე.

აზროვნების სხვა გზა, რომელიც ხელს უწყობს, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ დატვირთვა, არის „დაკარგვის შიში". ცხოვრება სავსეა საინტერესო შესაძლებლობებით და თუ დაიწყებთ უარის თქმას, რისკავთ, რომ გამოაკლდეთ რაიმე ცხოვრების შემცველ ან ისტორიის შემქმნელ სიტუაციას. ასე რომ, ახლა თქვით დიახ და შემდეგ გაერკვიეთ, თუ როგორ უნდა მოათავსოთ ეს თქვენს გრაფიკში. „დაკარგვის შიშით" გამოწვეული შფოთვა კი მომავალში გარდაიქმნება ქრონიკულ სტრესად, რომელიც ზედმეტი დატვირთვით არის გამოწვეული. 

„ემოციური წონის" თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ინფორმირება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოგაწოდეთ მოცემულ სტატიაში. ადვილია იმ საკვების იდენტიფიცირება, რომლებიც წონაში მატებას უწყობენ ხელს. მაგრამ აზროვნების ნიმუშები ხშირად იმალება სიტყვებისა და ჩვევების ღრუბლებს მიღმა, რაც ართულებს მის იდენტიფიკაციას და შესაბამისად მის შეცვლას.

ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი „ემოციური წონა", უნდა დავიწყოთ საკუთარ თავთან აღიარება და დავსვათ კითხვები:

ჩემი მოლოდინი რეალურია ?

ჩემი შედარება სამართლიანია ?

რა მიზეზით ავიღე ეს ვალდებულება საკუთარ თავზე ?

მას შემდეგ რაც ვაღიარებთ და გავიაზრებთ თითოეულ ჩვენს ნაფიქრალს, ნამვილად შევძლებთ უკეთესი არჩევანის გაკეთებას. 

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა: 

...

Psychology Today: Health, Help, Happiness + Find a Therapist

View the latest from the world of psychology: from behavioral research to practical guidance on relationships, mental health and addiction. Find help from our directory of therapists, psychologists and counselors.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება