რა არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა?

posttravmuli stresuli ashliloba პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

როგორ რეაგირებს ადამიანი, როცა მის ცხოვრებაში რაღაც საშინელება ხდება? ყველა ადამიანს ინდივიდუალური გამოხატულება აქვს მოულოდნელი საფრთხის დროს, შეიძლება შეგეშინდეთ და პანიკა დაგეწყოთ, სხვამ შეიძლება შოკი მიიღოს და ვიღაცისთვის შეიძლება ეს არაფერს ცვლიდეს. ადამიანების დიდი ნაწილისთვის ტრავმულ მოვლენებზე რეაქცია ნორმალურია, დროებითია და გარკვეული დროის განმავლობაში ქრება.

თუ ადამიანს უჭირს გამოჯანმრთელება და მისი გრძნობები ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებით უარესდება დროთა განმავლობაში, მათ შეიძლება ქონდეთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა). პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ტრავმაზე ზედმეტი რეაქციაა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ადამიანის ფიქრები, გრძნობები, ქცევები და გამოიწვიოს სტრესი, რაც გავლენას ახდენს პიროვნების ფუნქციონირებაზე.

სიმპტომები

ტრავმული გამოცდილების შემდეგ განვითარებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ოთხი მთავარი სიმპტომი არსებობს, რომლებიც მინიმუმ ერთი თვე უნდა გრძელდებოდეს:

  • მოვლენის გამეორება: ეს არის გაუჩერებლად ტრავმის გახსენება და წარმოსახვა სიზმრებში, ფლეშბექებში და უკონტროლო ფიქრებში. ძირითადად როდესაც ამ გამოცდილების განმეორება ხდება ორგანიზმს პანიკური შეტევა ეწყება, პულსი უჩქარდება, ადრენალინი გამოეყოფა, სუნთქვა უჭირს, ოფლს გამოყოფს და პირი უშრება.
  • თავიდან არიდება: ადამიანი ცდილობს ყველაფერი მოიშოროს, რაც ტრავმას უკავშირდება, განსაკუთრებით სიტუაციები, რომლებიც იწვევენ ფლეშბექებს და ფიქრებს. ადამიანი ასევე თავს არიდებს ადგილებს, ადამიანებს და იმ ქცევებს, რაც ტრავმას ახსენებს.
  • ზედმეტი შფოთვა: ადამიანები შფოთვით მარტივად კარგავენ კონცენტრაციას თავის საქმეზე, ამ შემთხვევაში ისინი ძირითადად საფრთხეზე და მოსალოდნელ ტრავმებზეც კი ფიქრობენ. შფოთვა ძირითადად იწვევს გაღიზიანებას და ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • აზრების, გრძნობების, რწმენების შეცვლა, როგორებიცაა:
  • სევდიანად გრძნობა, შფოთვა, უსაფუძვლო შიში, ინტერესის დაკარგვა აქტივობებსა და ურთიერთობებში, საკუთარ თავზე ცუდი აზრები და დანაშაულის განცდა, აზრი, რომ სამყარო საშიში და სახიფათო ადგილია და ადამიანებს არ უნდა ენდო.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ცუდად ერთვება ადამიანის ცხოვრებაში, უშლის მას ხელს მუშაობაში, სწავლაში და ურთიერთობებში. თუ პტსა თავის დროზე არ მივხედავთ, შესაძლოა ადამიანმა სუიციდიც სცადოს. 

რა იწვევს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას?

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა გამოწვეულია ზედმეტად სტრესული ან ტრავმული მოვლენისგან, რომელიც არის სახიფათო და საფრთხეს უქმნის ადამიანის, ან მისი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს. მიზეზები შეიძლება იყოს:

  • გადატანილი ბრძოლა
  • ფიზიკური ძალადობა, ძალადობრივი დანაშაული
  • ბუნებრივი კატასტროფები: ტორნადო, წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ.
  • შემთხვევები, როგორებიცაა: ავტოავარია, ხანძარი.
  • სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება.

რისკ-ფაქტორები სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია, შეიძლება დამოკიდებული იყოს ტრავმული მოვლენის ხანგრძლივობაზე, სიმძლავრეზე. მაგალითად უფრო დიდი ალბათობაა ადამიანს განუვითარდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომელიც მთელი ბავშვობა ძალადობის მსხვერპლი იყო, ვიდრე ადამიანს, რომელიც მხოლოდ ერთ ავტოავარიას შეესწრო.

სხვა რის ფაქტორები მოიცავს:

  • ხასიათი: ანტისოციალური, დამოკიდებული, ადამიანი, რომელსაც აქვს პარანოიები, ასეთი ხასიათის პიროვნებები უფრო ემოციურები არიან სტრესული სიტუაციების მიმართ და დიდი დრო სჭირდებათ ნეგატიური გამოცდილების თავიდან ამოსაგდებად.
  • კონტროლი: თუ ადამიანს სჯერა, რომ არ აქვს კონტროლი გარეგან სტიმულებზე, ნებისმიერ რამეზე, რაც მის გარშემო ხდება და მას მოსდის, უფრო უჭირს გაუმკლავდეს სტრესს და ტრავმას.
  • თანადგომა: თუ ადამიანს არ ჰყავს ძლიერი ოჯახი, არ აქვს მეგობრების მხარდაჭერა, მათთან დიდი შანსია პტსა-ს განვითარების.
  • მენტალური დაავადებები: თუ ადამიანს აქვს დეპრესიის, შფოთვის, ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის ისტორია, ან ჰყავს ახლო ნათესავი მსგავსი დიაგნოზით, უფრო დიდი შანსია, რომ განუვითარდეს პტსა.
  • ცხოვრებისეული მოვლენები: სტრესული მოვლენები, როგორებიცაა: ოჯახის წევრის სიკვდილი, განქორწინება, სამსახურის დაკარგვა, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პტსა-ს განვითარებას.

არის თუ არა შესაძლებელი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პრევენცია?

ტრავმული მოვლენები, რომლებიც პტსა-ს იწვევენ არ შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ვერ ავიცილებთ თავიდან, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანმა მიიღოს ტრავმული გამოცდილება. მეცნიერთა და ფსიქიატრთა უმეტესი ნაწილი გვთავაზობს ადრეულ ჩარევას და არა პრევენციას. ტრავმული მოვლენის შემდეგ მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს დიაგნოსტიკა და პროფესიონალის ჩარევა. მიუხედავად ამისა, პტსა-ს თავის ასარიდებლად, მაგალითად ჯარისკაცები მიმართავენ მედიტაციასა და იოგას, რათა გაუმკლავდნენ საბრძოლო სტრესს.

მკურნალობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებისა და თერაპიის გაერთიანებას, რომ ადამიანს გაუუმჯობესდეს მდგომარეობა და გაზარდოს თავის შესაძლებლობა სამყაროს უკეთ გასამკლავებლად.

  • ერთ-ერთი ეფექტური ფსიქოთერაპია პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის არის კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც ფოკუსირებულია ტრავმასთან დაკავშირებული ფიქრების, ემოციების, რწმენებისა და ქცევების გაგებასა და შეცვლაზე. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ცდილობს შეცვალოს ადამიანის აზროვნება და ქცევა და უფრო ეფექტურ გზას სთავაზობს მომავალი სტრესის მართვისთვის.
  • სხვა ფსიქოლოგიური მკურნალობა მოიცავს ჰიპნოზსა და ექსპოზიციურ თერაპიას, რომ ადამიანმა კარგად გადაამუშაოს ტრავმა, ისწავლოს რელაქსაციის ტექნიკები სტრესის ზოგადი მდგომარეობის შესამცირებლად. შეიძლება ეს იყოს ოჯახური ან ჯგუფური თერაპია სოციალური თანადგომის გასაზრდელად.
  • პტსა-ს სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები წარმოადგენს ანტიდეპრესანტების ტიპს, რომელიც აუმჯობესებს კომუნიკაციას და ფუნქციონირებას მთელ ტვინში. ეს ანტიდეპრესანტები განსაკუთრებით ეხმარება დეპრესიასა და შფოთვას.


სტატიის ავტორი: ნინო არეშიძე

 
დახმარება