პანიკური აშლილობა

panic-disorder პანიკური აშლილობა

ინდივიდი განიცდის მოულოდნელ მწვავე პანიკის შეტევებს, რაც ინტენსიური დაძაბულობის, შიშის ან საშინელების შეგრძნებით იწყება.

პანიკური აშლილობისთვის დამახასიათებელია  პანიკის განმეორებითი შეტევები, რომელსაც თან ახლავს ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა ან ჩხუბის შეგრძნება, გულისცემის მომატება ან გულისცემის სწრაფი სიხშირე და შფოთვის გრძნობა. 

ასეთი შეტევები ხშირად ხდება მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე. ადამიანები, რომლებიც პანიკის შეტევებს განიცდიან, ხშირად შიშობენ, თუ როდის მოხდება შემდეგი ეპიზოდი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ნორმალური საქმიანობის შეცვლა ან შეზღუდვა.  

პანიკური აშლილობის დაწყების საშუალო ასაკი 20-24 წელია. მცირე რაოდენობის შემთხვევებში ბავშვობაშიც შეიძლება დაიწყოს და, როგორც წესი, არ იწყება 45 წლის შემდეგ. იგი საკმაოდ გავრცელებულია, მოსახლეობის დაახლოებით 2.7% აკმაყოფილებს პანიკური აშლილობის კრიტერიუმებს, 4.7% კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხვდება ამ კატეგორიაში.

პანიკის აშლილობა ასოცირდება სოციალური, პროფესიული და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მაღალ დონესთან. ხშირად გვხვდება აგორაფობიასთან ანუ ხალხმრავალი ადგილებისა და ღია სივრცის შიშთან ერთად.

პანიკური აშლილობის გაგება შეუძლებელია ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების განხილვის გარეშე, რომლებიც ინტეგრაციულ მიდგომას გვთავაზობენ, რომლის მიხედვით, ყველა ჩვენგანი მეტ-ნაკლებად მოწყვლადია სტრესისამი. ეს არის ყოველდღიურ ცხოვრებისეული მოვლენებზე ჭარბად რეაგირების ზოგადი ნეირობიოლოგიური ტენდენცია. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისგან სხვებზე მეტად არის მოსალოდნელი, რომ სტრესის გამომწვევ მოვლენებთან შეჯახებისას განგაშის რეაქცია ექნებათ. ინდივიდის გონებაში კონკრეტული სიტუაციები სწრაფად ასოცირდება გარეგან და შინაგან მიმნიშნებლებზე, რომლებიც პანიკური შეტევის დროს გვაქვს.

გთავაზობთ DSM-5-ის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, რომლებიც დაგეხმარებათ პანიკური აშლილობის ამოცნობაში : 

1) პანიკის განმეორებითი მოულოდნელი შეტევები. პანიკის შეტევა ინტენსიური შიშის ან დისკომფორტის უეცარი შემოტევაა, რომელიც რამდენიმე წუთში აღწევს პიკს და რომლის დროსაც ქვემოთ ჩამოთვლილიდან ოთხი (ან მეტი) სიმტომი იჩენს თავს:

  1. გამალებული გულისცემა ან მომატებული პულსი;
  2. ოფლიანობა;
  3. კანკალი ან ძაგძაგი;
  4. სუნთქვის შეუძლებლობის ან მოხუთვის შეგრძნებები;
  5. დახრჩობის განცდა;
  6. მკერდისტკივილიან დისკომფორტი;
  7. გულისრევის შეგრძნება ან მუცლის არეულობა;
  8. თავბრუსხვევა, სიმყარის განცდის უქონლობა, თითქოს მიწა ეცლება ფეხქვეშ, გულის წასვლის ან გონების დაკარგვის შეგრძნება;
  9. სიცივის ან სიცხის შეგრძნებები;
  10. პარესთეზია (გაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები);
  11. რედეალიზაცია (არარეალურობის განცდა) ან დეპერსონალიზაცია (საკუთარი თავისგან გარიყულად, განცხალკევებულად თავის განცდა);
  12. კონტროლის დაკარგვის ან „გაგიჟების" შიში;
  13. გარდაცვალების შიში.

2) ​სულ მცირე ერთ-ერთ შეტევას 1 ან მეტი თვის განმავლობაში, უნდა მოჰყვებოდეს ერთი ან ორივე ქვემოთ აღწერილი:

  1. მდგრადი წუხილი ან ნერვიულობა პანიკის შემდგომი შეტევების ან მათი შედეგების (მაგალითად, კონტროლის დაკარგვის, გულის შეტევის, „გაგიჟების") გამო;
  2. შეტევებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი არაადაპტური ცვლილებები ქცევაში (მაგალითად, ქცევები, რომლებსაც ინდივიდი პანიკის შეტევის თავიდან ასაცილებლად მიმართავს, როგორიცაა ვარჯიშისთვის ან უცნობი სიტუაციებისთვის თავის არიდება).
  1. დარღვევა ვერ მიეწერება ნივთიერების (მაგალითად, ნარკოტიკების, მედიკამენტების) ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის (მაგალითად, ჰიპერთიროიდიზმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების) ფიზიოლოგიურ ეფექტებს.
  2. აშლილობა უკეთ არ აიხსნება სხვა ფსიქიკური აშლილობით (მაგალითად, სპეციფიკური ფობიით, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით და ა.შ.).

 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. American Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება